2017 წელი, გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა
მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია
2017 წლის 1-2 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები: 1. საქართველოს მინერალური რესურსების როლი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში; 2. მინერალოგია, პეტროლოგია, ვულკანოლოგია, გეოქიმია; 3. ბუნებრივი საფრთხეები და გეოეკოლოგია; 4. ლითოლოგია, სტრატიგრაფია. პლენარული სხდომები სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულ სამ პლენარულ სხდომაზე 30 მოხსენება იქნა წარმოდგენილი, რომლებიც გეოლოგიის დარგის სხვადასხვა მიმართულების აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ უმაღლესი სასწავლებლების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიდან, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტიდან, სტუ-ს ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტიდან, შპს „IDS-ბორჯომი საქართველო“-დან, შპს „გამა“-დან, რუსეთის პეტროლოგიის, მინერალოგიისა და გეოქიმიის ინსტიტუტიდან, ტაივანის ჩანგ-ჩენგის ეროვნული უნივერსიტეტიდან და დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტიდან.
კონფერენციის სამეცნიერო-პრაქტიკული მუშაობის შედეგები და საორგანიზაციო უზრუნველყოფა მაღალ დონზე შეფასდა. ყველა მომხსენებელსა და მათ თანაავტორებს კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა ნოდარ ფოფორაძემ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ტრადიციულია და 2015 წლიდან ყოველწლიურად, ტარდება. მადლობას ვუხდით კონფერენციის მონაწილეებს, სტუმრებსა და ორგანიზატორებს. იხილეთ შრომათა კრებული