2018 წელი, გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა
2018 წლის 29-30 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა’’. კონფერენცია მიეძღვნა ოთხი გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის საიუბილეო თარიღებს, კერძოდ ალექსანდრე ჯანელიძისა და კალისტრატე გაბუნიას დაბადების 130 წლისთავს, ხოლო გიორგი ზარიძისა და იოსებ ბუაჩიძის დაბადების 110 წლისთავს. ძნელია შეაფასო ამ ოთხი პიროვნების როლი ეროვნული გეოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. აკადემიკოსი ალექსანდრე ჯანელიძე და პროფესორი კალისტრატე გაბუნია ქართული გეოლოგიური სკოლის ფუძემდებლები არიან, ხოლო მათი ღირსეული მოწაფეები, აკადემიის წევრ-კორესპოდენტები გიორგი ზარიძე და იოსებ ბუაჩიძე ქართული პეტროლოგიური სკოლისა და ჰიდროგეოლოგიურ-საინჟინრო-გეოლოგიური სკოლების დამაარსებლებად ითვლებიან. ჩვენთვის დიდი პატივი და სიხარულია, რომ მოგვეცა საშუალება, ამ კონფერენციით კიდევ ერთხელ გამოგვეხატა უღრმესი პატივისცემა და სიყვარული ჩვენი სასიქადულო მასწავლებლების მიმართ.
ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემა გეოლოგიის დარგში არსებული სამეცნიერო სიახლეებისა და გამოწვევების შეჯამება იყო, რასაც 26 მომხსენებლის გამოსვლა და 5 თემატური სასტენდო მოხსენება მიეძღვნა. კონფერენციას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა, ესწრებოდნენ გეოლოგიის დარგში მოღვაწე მეცნიერები, სტუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები, უნივერსიტეტების, სამეცნიერო ორგანიზაციებისა და გეოლოგიის დარგის მსხვილი ქართული კომპანიების წარმომადგენლები: საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებიდან, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, თსუ-ის ალ. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტიდან, სტუ-ის ჰიდროლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტიდან, „რიჩ მეტალს გრუპიდან“ (RMG), „IDS ბორჯომი საქართველოდან“, კომპანია გამადან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ. თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტიდან, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტიდან, რაფიელ დვალის სახელობის მანქანატა მექანიკის ინსტიტუტიდან. კონფერენციაზე განიხილეს ერთი წლის მანძილზე ჩატარებული იმ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების შედეგები, რაც მთლიანად უკავშირდება საქართველოში გეოლოგიის, როგორც დარგის განვითარება-გაძლიერებას, მათ შორის: ოქროს გამადნების პროგნოზირების პრობლემები, კავკასიონის კრისტალური ქანების ზონალური ცირკონების ასაკი, კავკასიონის რეგიონის ტექტონიკური ზონალობა და ევოლუცია, მსოფლიო სანედლეულო სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები, ქანების შრეობრივი მასივის მდგრადობის შეფასება ე.წ. მოსხსნადი ძაბვების მეთოდით და სხვა. კონფერენციაზე წარმოდგენილი ყველა სამეცნიერო კვლევა ეხმიანება, როგორც დარგში მოქმედი ბიზნესკომპანიების სამომავლო ინტერესებს, ასევე მთლიანად ითვალისწინებს ბაზრის მოთხოვნებსაც. სწორედ ამიტომ, კვლევები ქართულ ბიზნესთან მჭიდრო კოოპერაციის შედეგად დაიგეგმა.
მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ კომპანიები - „რიჩ მეტალს გრუპი“ (RMG) და „IDS ბორჯომი საქართველო“. დიდი მადლობა მათ ჩვენი კონფერენციის მხარდაჭერისთვის.
რიგით მე-5 საერთაშორისო კონფერენცია მომავალი წლის მაისის თვეში დაიგეგმა.
იხილეთ შრომათა კრებული >> ბმული