მინერალოგიის და პეტროგრაფიის მუზეუმი

 

მუზეუმი  დაარსებულია 1940 წელს  თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის შენობაში, სადაც იგი განთავსებული იყო ერთ ოთახში და მინერალთა  კოლექციები გამოფენილი იყო მცირე ზომის რვა ვიტრინაში.1952 წლიდან, როდესაც დამთავრდა სამთო-გეოლოგიური კორპუსი და მუზეუმმა დაიკავა ის ფართი რა ფართიც ამჟამად აქვს დაკავებული, იწყება მუზეუმის გაფართოება და შევსება მინერალთა და ქანთა მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ახალი ნიმუშებით. 

მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმში თავმოყრილია მინერალების და ქანების სისტემატური კოლექციები მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი საბადოდან და რეგიონიდან, აქვეა მინერალთა სისტემური გეოქიმიური, გენეტიკური და ზოგიერთი ცალკეული ლითონის მთავარი მინერალების კოლექციები. ფართოდაა წარმოდგენილი მინერალთა კრისტალური სტრუქტურები  და ცალკეული მინერალების ბუნებრივი კრისტალების მოდელები.

მუზეუმში წარმოდგენილია ქართველ გეოლოგთა მრავალი თაობის მიერ შეგროვილი საქართველოს და მსოფლიოს  სხვადასხვა რეგიონის ცნობილი და ზოგჯერ უნიკალური მადნების, მინერალების, ქანების ნიმუშები, რომლებიც ორიგინალურობით, მრავალფეროვნებით და წარმომადგენლობით ტოლს არ უდებს მოწინავე მუზეუმებში დაცულ ექსპონატებს.

წლების განმავლობაში მინერალთა და ქანთა კოლექციების შევსება ხორციელდებოდა, როგორც ცენტრალიზებულად გამოწერით გეოლოგიური ექსპედიციებიდან, ასევე მრავალი ნიმუში საჩუქრადაა გადმოცემული ყოფილი სტუდენტების მიერ, რომლებიც მუშაობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ საბადოებზე. საველე ექსპედიციების და სტუდენტთა გეოლოგიური პრაქტიკების ჩატარების დროს ხორციელდებოდა სასწავლო მასალის შეგროვება (მინერალთა და ქანთა  საინტერესო ნიმუშები), რომელიც მიმდინარეობდა არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე არამედ, ყოფილ საბჭოთა კავშირის, ევროპის და ამერიკის გეოლოგიურად საინტერესო  რეგიონებში.

მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი მინერალოგიურ-პეტროგრაფიული ექსპონატების თვალსაზრისით ერთ-ერთი მდიდარი და მრავალფეროვანი მუზეუმია ამიერკავკასიაში. აქ გამოფენილია როგორც საქართველოს, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ცნობილი საბადოებიდან, მათი ცალკეული უბნებიდან როგორც მადნეული, არამადნეული და ქანმაშენი მინერალები, ასევე მათი პარაგენეტული ასოციაციები. აგრეთვე, ძვირფასი, სანახელავო, მოსაპირკეთებელი და სამშენებლო ქვები.

ამჟამად მუზეუმი განთავსებულია სამ დიდ დარბაზში. მუზეუმის ვიტრინებში გამოფენილია 5000-მდე ნიმუში, რომლებიც განაწილებულია თემატურად. მუზეუმს გააჩნია მდიდარი ფონდი, რომელსაც დიდი სასწავლო მნიშვნელობა აქვს. მის საცავებში ინახება 12 ათასზე მეტი მინერალის, ქანების და მადნის ნიმუშები, რომლებიც სტუდენტებს მინერალოგიის, პეტროლოგიისა და გეოქიმიის ლაბორატორიული კურსის ათვისებაში ეხმარება.

პირველ დარბაზში 20 ვიტრინაა, სადაც  გამოფენილია დაახლოებით მინერალთა 1500 ნიმუში.

უნიკალურია ქალცედონის ჯგუფის მინერალების  კოლექცია ახალციხის საბადოდან. პირველი დარბაზი წარმოადგენს მუზეუმის მინერალოგიურ ნაწილს, რომელიც ძირითადი ბაზაა სტუდენტებისათვის მინერალოგიის კურსის სწავლის პროცესში. მინერალთა კოლექციები წარმოდგენილია მდიდარი, მრავალფეროვანი მასალით და შეიცავს როგორც წინა წლებში შეგროვილ კოლექციებს ასევე, ახალ მასალას.

პირველ დარბაზში დამთვალიერებელი ცენტრალურ ვიტრინებში ეცნობა მინერალთა სისტემურ კოლექციებს დაწყებული თვითნაბადი ელემენტებიდან  დამთავრებული რთული სილიკატების კლასით. გვერდით ვიტრინებში თავმოყრილია მინერალთა კოლექციები ფორმისა და სტრუქტურის მიხედვით, აქვეა საიუველირო და სანახელავო ქვები, კვარცის ჯგუფის მინერალები, მოსაპირკეთებელი ქვები და სხვა. ვიტრინის თავები დამშვენებულია ცალკეულ მინერალთა სტრუქტურებით.

მინერალთა კოლექციები წარმოდგენილია მდიდარი, მრავალფეროვანი მასალით და შეიცავს როგორც ძველ კოლექციებს - შედგენილს სხვადასხვა კლასიფიკაციის მიხედვით, ასევე ახალ მასალას. აქვეა წარმოდგენილი ”კრანცის” ფირმის უნიკალური კოლექციები მინერალთა კრისტალური ფორმების და ფიზიკური თვისებების მიხედვით;  ძვირფასი და სანახელავო ქვების კოლექციები, მათი ბუნებრივი წარმონაქმნები და დამუშავებული ფორმები. ფართოდაა წარმოდგენილი ახალციხის საბადოს კვარცის ჯგუფის მინერალები, საქართველოს სულფიდური, ჟანგეული და სულფატური მადნები და საქართველოში გავრცელებული მარმარილოს სახეობები და სხვა მოსაპირკეთებელი ქვები.

მეორე დარბაზში 20 კარადაა, მათში გამოფენილია 2000-მდე მინერალის და ქანის ნიმუში.

მეორე დარბაზი საინტერესოა მდიდარი თემატური მასალით. აქ შედის გენეტური და სისტემატური კოლექციები, მინერალთა კოლექციები ცალკეული ელემენტების მიხედვით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კოლექციები საქართველოს საბადოებიდან მინერალთა პარაგენეტული ასოციაციებით.  ამავე დარბაზშია წარმოდგენილი ლითოლოგიური განყოფილება, რომელიც შეიცავს მდიდარ სადემონსტრაციო მასალას, შედგენილს სხვადასხვა კოლექციების  საფუძველზე. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული საქართველოში გავრცელებული დანალექი ქანების ნიმუშებზე.

მესამე დარბაზში 14 კარადაა, სადაცაა გამოფენილია 1500-მდე ქანის ნიმუში. მესამე დარბაზში წარმოდგენილია მაგმური და მეტამორფული ქანების სისტემატური კოლექციები, რომლებიც მრავალჯერ არის შევსებული და განახლებული. აქაც განსაკუთრებული როლი ენიჭება საქართველოს ქანებს. ცალკეა წარმოდგენილი ვულკანური წარმონაქმნების კოლექცია. ფართოდაა წარმოდგენილი მოსაპირკეთებელი და სამშენებლო ქვების როგორც ბუნებრივი ნიმუშები, ასევე დამუშავებული გაპრიალებული ზედაპირებით, სადაც კარგად ჩანს ქანების ფაქტურა და ხარისხი.

უნდა აღინიშნოს, რომ გარდა სადემონსტრაციო მასალისა, სპეციალურ საცავებში ინახება სარეზერვო კოლექციები, რომელთა გაცვლა შეიძლება მსოფლიოს მინერალოგიურ-პეტროლოგიური მუზეუმების ნიმუშებზე.

მუზეუმში დაცულია აგრეთვე თანამშრომელთა, დოქტორანატთა და მაგისტრანტთა თემატური კოლექციები.

სასწავლო პროცესის გარდა მუზეუმი ჩართულია ,,შაბათის სკოლის’’ საქმიანობაში, კერძოდ ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებიდან მოსწავლეთათვის ითვალისწინებს სწავლების კურსს, რათა მოსწავლეები გასცდნენ სასწავლო სახელმძღვანელოების ჩარჩოებს, რაც სასკოლო პროგრამის საბაზისო ცოდნას გააფართოებს და გაამდიდრებს.

"შაბათის სკოლის’’ პროგრამაში შედის ლექციების, ექსკურსიების და საუბრების ჩატარება – დედამიწის წარმოშობის, აგებულების და განვითარების ისტორიის, მასში მიმდინარე სხვადასხვა გეოლოგიური პროცესების, მათ შორის, მიწისძვრების და ვულკანიზმის, მიწის ქერქის ნივთიერი შედგენილობის, ქანების და მინერალების, როგორც სამშენებლო და მოსაპირკეთებლი მასალის თავისებურებების და მათი გამოყენების სფეროების, საიუველირო და სანახელავო ქვების, მინერალების, როგორც ბუნების საოცრების, ასევე ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს განვითარების ისტორიის შესახებ. ,,შაბათის სკოლის’’ პროგრამაში ჩართულია ,,ზოგადი გეოლოგიის და პალეონტოლოგიის’’ მუზეუმიც.

 

 

იხილეთ ფოტო გალერეა:

 

იხილეთ ბუკლეტი>>