წიაღისეული საბადოების მუზეუმი
სასარგებლო წიაღისეულის სასწავლო-სამეცნიერო მუზეუმი გამოყენებითი გეოლოგიის კათედრის ჩამოყალიბებასთან ერთად, XX საუკუნის 20-იან წლებში დაარსდა. ამჟამად მუზეუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის კოპრუსის (III) მეოთხე სართულზეა განთავსებული და უკავია 240 კვ/მ ფართობი. იგი შედგება ორი საგამოფენო დარბაზისგან.
მუზეუმის შევსება ექსპონატებით ხდებოდა ყოფილი საბჭოთაკა ვშირის სხვადასხვა საბადოებიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან შეძენილი თუ უსასყიდლოდ გადმოცემული, გაცვლითი წესით მიღებული, სახელშეკრულებო საველე სამუშაოების დროს შეგროვებული კარგად დოკუმენტირებული ნიმუშებით. ამჟამად მუზეუმში თავმოყრილი 5000-ზე მეტი ნიმუში არა მარტო შემეცნებითი და სასწავლო დანიშნულებისაა, არამედ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი სამეცნიერო ხასიათისაა. მუზეუმის ექსპონატებში არის საქართველოს თითქმის ყველა საბადოსა თუ მადანგამოვლინების კარგად რანჟირებული და გეოლოგიურად სისტემატიზებული სასწავლო და საკვლევი კოლექციები.
მუზეუმი 2001-2002 წლებში მონაწილეობდა გერმანიაში საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტების ეგიდით ჩატარებულ გამოფენაზე „საქართველო_ განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან“, რაც ასახულია გამოფენასთან დაკავშირებით გერმანიაშივე გამოცემულ კატალოგში.
პირველი დარბაზი. ვიტრინებში მოთავსებულია მაგმური, პეგმატიტური, გრეიზენული, სკარნული და ჰიდროთერმული პროცესებისათვის დამახასიათებელი ქანების, მადნებისა და მინერალების ეტალონური ნიმუშები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქვე მოთავსებულია გამოფიტვის, დალექვის და ინფილტრაციის პროცესებთან დაკავშირებული გეოლოგიური წარმონაქმნები. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიოში ცნობილი რკინის მეტამორფოგენული საბადოების – კურსკის მაგნიტური ანომალიისა და კრივოიროგის სრული გეოლოგიური ჭრილის მიხედვით რანჟირებულ ნიმუშებს. ამავე დარბაზშია რკინის სკარნული (დაშქესანი) და დანალექი (ქერჩი) მადნების კლასიფიცირებული ნიმუშები. ყველა ჩამოთვლილი ვიტრინის შიგა ყუთებში მოთავსებულია შესაბამისი სასწავლო თუ სამეცნიერო მნიშვნელობის ნიმუშები. ცალკე გამოფენილია საქართველოს მოსაპირკეთებელი ქვების სხვადასხვაზომის 100-ზე მეტი დამუშავებული ნიმუში.
მეორე დარბაზი. დარბაზში თავმოყრილია ნიმუშები საქართველოს საბადოებიდან და მადანგამოვლინებებიდან. აქ განთავსებულია მეცნიერულად სისტემატიზებული როგორც საექსპოზიციო, ასევე სასწავლო და საკვლევი ექსპონატები. აქვე გამოფენილია მადნეულის კარიერისა და ზოფხითოს ანთიმონიუმის საბადოს თვალსაჩინო მაკეტები. მუზეუმის საცავ ყუთებში ინახება მრავალი ათეული ნიმუში, რომელთა გამოყენება შეიძლება როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო მიზნებისათვის.