2015 წელი, გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა

საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2015 წლის 23-24 აპრილს, ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში ჩატარდა რიგით პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, მიძღვნილი საქართველოს გეოლოგიის თანამედროვე პრობლემებისადმი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა 27 მოხსენება, რომლებიც, ძირითადად, ეხებოდა საქართველოს გეოლოგიური სამსახურების საქმიანობას, მინერალოგიური საზოგადოების განვლილ პერიოდს, ქვეყნის მინერალურ-რესურსული ბაზის მდგომარეობას, გარემოსდაცვით და საკანონმდებლო ასპექტებს, მინერალოგიისა და პეტროგრაფიის საკითხებს.
სასიხარულო და მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კონფერენციაზე საკმაოდ მაღალი იყო ახალგაზრდა გეოლოგების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების აქტიურობა. მათ მიერ წარმოდგენილი იქნა 6 მოხსენება.

დღეს, როდესაც საქართველოს ექსპორტის უდიდესი წილი სწორედ სასარგებლო წიაღისეულზე მოდის, აუცილებელია გეოლოგიისა და სამთო დარგის სისტემატიური სრულყოფა, წიაღისეულით სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების მჭიდრო თანამშრომლობა გეოლოგიის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან. ამ ორგანიზაციებში მოღვაწე თანამშრომლების საქმიანობის ერთმანეთისათვის გაცნობის გარეშე შეუძლებელია ჩვენი დარგის გაძლიერება-განვითარება. ჩატარებული კონფერენცია სწორედ ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისა და განსაკუთრებით, ახალგაზრდა გეოლოგების კონტაქტების გაღრმავებასა და მათ ხელთ არსებული ინფორმაციის ერთმანეთისათვის გაცნობა - გაზიარებას ემსახურებოდა.

კონფერენციის მსვლელობისას არაერთხელ გაიჟღერა, რომ საქართველოს რთული და მრავალფეროვანი გეოლოგიური აგებულებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე, აუცილებლად სჭირდება ძლიერი და მრავალმხრივი გეოლოგიური სამსახურები. საქართველოს ტერიტორია გასულ საუკუნეში საკმაოდ კარგადაა შესწავლილი იმდროინდელი გეოლოგიური სამსახურების მიერ. სამწუხაროდ, დღეისთვის მათი ნაწილი გაუქმებულია ან საკმაოდაა დასუსტებული. ამიტომ გეოლოგიური დარგი საჭიროებს მთავრობის მხრიდან დროულ და სათანადო მხარდაჭერას.

ძლიერი სახელმწიფო და კერძო გეოლოგიური სამსახურების გარეშე შეუძლებელია საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის მინერალური რესურსებისა და მათი პროდუქტების სათანადოდ შეთავაზება. შესაბამისად, თუ არსებული მდიდარი ფაქტიური და საფონდო მასალა არ იქნება დამუშავებული თანამედროვე ლაბორატორიული კვლევებითა და გეოსაინფორმაციო სისტემებით, წარმოუდგენელია მინერალური რესურსების მონაცემთა თანამედროვე სრულყოფილი ბაზის შექმნა, განმტკიცება, მარკეტინგისა და საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება, მითუმეტეს ევროინტეგრაციის პირობებში ეს აუცილებელია.

კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მინერალოგიური საზოგადოების ხელმძღვანელებს, საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტებს, თითოეულ მომხსენებლსა და დამსწრე საზოგადოებას.

კონფერენციის მონაწილეთა სურვილით გადაწყდა, რომ მინერალოგიურმა საზოგადოებამ ტრადიციად აქციოს კონფერენციის ყოველწლიურად ჩატარება და მისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის მინიჭება.

 

 

იხილეთ ფოტო გალერეა:

 

იხილეთ ბუკლეტი >>
იხილეთ პროგრამა >>