სასარგებლო   წიაღისეული

საქართველო საკმაოდ მდიდარია მადნეული და არამადნეული, მინერალური და მტკნარი წყლების საბადოებითა და მადანგამოვლინებებით, რომელთა შორის მოსაპირკეთებელ და სანახელავო ქვებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ქვეყანას  მათი მოპოვებისა და დამუშავების დიდი გამოცდილება გააჩნია. ეს ნედლეული საუკუნეების განმავლობაში ფართოდ გამოიყენებოდა როგორც საერო, ასევე საეკლესიო მშენებლობაში.


გასული საუკუნის 80-იან წლებში ქვეყანაში წლიურად მოიპოვებოდა 1,5მლნ. მ3 მოსაპირკეთებელი ქვა: ბოლნისის ტუფი, მარნეულის ბაზალტი, კურსების ტეშენიტი, სალიეთის მარმარილო, ეკლარის კირქვა და სხვა, რომელთა გადამუშავების შედეგად მიიღებოდა პროდუქცია: ბლოკები, ფილები, ბორდიურები, კიბის საფეხურები, დეკორატიული ღორღი და ა.შ. რომელთა უმეტესობაც უცხოეთში გადიოდა.


დღეისათვის მოსაპირკეთებელი ქვების მოპოვება და დამუშავება, ერთეული გამონაკლისის გარდა, ძირითადად, შემთხვევით ხასიათს ატარებს. მხოლოდ ცალკეული მრეწველები ახერხებენ მცირე, ძირითადად, ადგილობრივი შეკვეთების შესრულებას. ქვეყანა კარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს. ადგილობრივი მოსახლეობა დაუსაქმებელია. პრაქტიკულად არ არსებობს ამ ღირებულებების ბაზრისთვის შეთავაზების მექანიზმი. შიდა სამომხმარებლო ბაზარი კი გაჯერებულია დაბალი ხარისხისა და იაფი (ჩინური, ირანული, ბერძნული) მოსაპირკეთებელი ქვებით. საქართველოში მოსაპირკეთებელი და სანახელავო ქვების 360-ზე მეტი საბადო და მადანგამოვლინებაა ცნობილი და მათი საერთო ღირებულება წიაღში დაახლოებით, 20 მლრდ აშშ დოლარია. 


ქართული ქვა გამოირჩევა დეკორატიულობით, დაბალი რადიაციულობით და კარგი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით. იგი გვხვდება საქართველოს ყველა რეგიონში და მასზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა ქმნის მყარ საფუძველს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.

მოსაპირკეთებელი ქვებიდან ერთ–ერთი გამორჩეულია ბოლნისის ტუფი, რომელიც სახესხვაობების მრავალფეროვნებით ხასიათდება. წარსულში მის გამოყენებას ადასტურებს ბოლნისის სიონისა და წუღრუღაშენის ეკლესიების მოპირკეთება.


ფახრალოს ტუფის საბადოს მიმდებარე ტერიტორია აგებულია  ზედა  ცარცული  და  მეოთხეული  ნალექებით.  ზედა  ცარცი  წარმოდგენილია  ქვედა  ტურონული,  ზედა  ტურონულ - კონიაკური  და  ქვედა სანტონურით. 


ფახრალოს ტუფის საბადო, რომელიც 1935 წლიდან ფუნქციონირებს,  ბოლნისის მადნიან ველზე მდებარეობს. იგი გამოირჩევა ტუფის მრავალფეროვნებით, როგორც შედგენილობით, ასევე მარცვლოვნებით და შეფერილობით: ერთგვაროვანი, მომწვანო ფერის ტუფობრექჩიები, დეკორატიული ტუფები, ტუფოგრაველიტები.

 

იხილეთ ვრცლად:    ბმული >>

პარტნიორები