მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი

მუზეუმი  დაარსებულია 1940 წელს  თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის შენობაში, სადაც იგი განთავსებული იყო ერთ ოთახში და მინერალთა  კოლექციები გამოფენილი იყო მცირე ზომის რვა ვიტრინაში.1952 წლიდან, როდესაც დამთავრდა სამთო-გეოლოგიური კორპუსი და მუზეუმმა დაიკავა ის ფართი რა ფართიც ამჟამად აქვს დაკავებული, იწყება მუზეუმის გაფართოება და შევსება მინერალთა და ქანთა მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ახალი ნიმუშებით. 

მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმში თავმოყრილია მინერალების და ქანების სისტემატური კოლექციები მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი საბადოდან და რეგიონიდან, აქვეა მინერალთა სისტემური გეოქიმიური, გენეტიკური და ზოგიერთი ცალკეული ლითონის მთავარი მინერალების კოლექციები. ფართოდაა წარმოდგენილი მინერალთა კრისტალური სტრუქტურები  და ცალკეული მინერალების ბუნებრივი კრისტალების მოდელები.

მუზეუმში წარმოდგენილია ქართველ გეოლოგთა მრავალი თაობის მიერ შეგროვილი საქართველოს და მსოფლიოს  სხვადასხვა რეგიონის ცნობილი და ზოგჯერ უნიკალური მადნების, მინერალების, ქანების ნიმუშები, რომლებიც ორიგინალურობით, მრავალფეროვნებით და წარმომადგენლობით ტოლს არ უდებს მოწინავე მუზეუმებში დაცულ ექსპონატებს.
მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი სრულად>>

პროფ. გ. ხარატიშვილის სახელობის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმი

პროფ. გ. ხარატიშვილის (1905-1981) სახელობის გეოლოგიგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმის შექმნა იწყება 1953 წლიდან, როდესაც გაიხსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის III კორპუსი (სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი) და გამოიყო ფართი. მასალის შეგროვება ძირითადად ხდებოდა, გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის თანამშრომლების საველე სამუშაოების და სასწავლო-გეოლოგიური პრაქტიკების ჩატარების დროს, არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის გეოლოგიურად საინტერესო სხვადასხვა რეგიონში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზია, ურალი, ციმბირი, ბალტიის პირეთი, რუსეთის ვაკე, უკრაინა, ყირიმი, ჩრდილოეთ კავკასია და სხვ.).

მუზეუმი ფართოვდებოდა მასალის დაგროვებასთან ერთად, რომელიც სათანადოდ მოწმდებოდა, მუშავდებოდა, თანდათან იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. ამგვარად შეიქმნა უნიკალური სასწავლო მუზეუმი, სადაც გამოფენილი ძირითადი თემატური მასალა ასახავს დედამიწის აგებულებისა და განვითარების ისტორიას. მუზეუმს გააჩნია მდიდარი ფონდები, რომელსაც დიდი სამეცნიერო და სასწავლო მნიშვნელობა აქვს. მის საცავებში ინახება ათასობით ქანის, ნამარხის და მინერალის ნიმუში. მუზეუმში გამოფენილია აგრეთვე გეოლოგიური ჭრილების ამსახველი მასალა, პანოები, მაკეტები, ნამარხი ორგანიზმების მულიაჟები, სურათები, გამოჩენილ მეცნიერთა პორტრეტები, ძველი ლანდშაფტების სქემები, რუკები, განმარტებითი ტექსტები, რომლებიც სტუდენტებს მასალის ათვისებაში ეხმარება.
პროფ. გ. ხარატიშვილის სახელობის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმი>>

წიაღისეული საბადოების მუზეუმი

სასარგებლო წიაღისეულის სასწავლო-სამეცნიერო მუზეუმი გამოყენებითი გეოლოგიის კათედრის ჩამოყალიბებასთან ერთად, XX საუკუნის 20-იან წლებში დაარსდა. ამჟამად მუზეუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის კოპრუსის (III) მეოთხე სართულზეა განთავსებული და უკავია 240 კვ/მ ფართობი. იგი შედგება ორი საგამოფენო დარბაზისგან.
მუზეუმის შევსება ექსპონატებით ხდებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა საბადოებიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან შეძენილი თუ უსასყიდლოდ გადმოცემული, გაცვლითი წესით მიღებული, სახელშეკრულებო საველე სამუშაოების დროს შეგროვებული კარგად დოკუმენტირებული ნიმუშებით. ამჟამად მუზეუმში თავმოყრილი 5000-ზე მეტი ნიმუში არა მარტო შემეცნებითი და სასწავლო დანიშნულებისაა, არამედ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი სამეცნიერო ხასიათისაა. მუზეუმის ექსპონატებში არის საქართველოს თითქმის ყველა საბადოსა თუ მადანგამოვლინების კარგად რანჟირებული და გეოლოგიურად სისტემატიზებული სასწავლო და საკვლევი კოლექციები.
წიაღისეული საბადოების მუზეუმი>>

პარტნიორები